ჯო ბაიდენი: თალიბებს ვუთხარით, რომ ქაბულიდან ევაკუაციის ხელის შეშლის მცდელობებს სწრაფი პასუხი მოჰყვება

თალიბებს ვუთხარით, რომ ქაბულიდან ევაკუაციის ხელის შეშლის მცდელობებს სწრაფი პასუხი მოჰყვება, – განაცხადა აშშ-ის პტრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

„ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ყველაზე რთული საჰაერო გადაყვანაა და აშშ მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ამ დონის ოპერაციის დაგეგმვა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკელ სამხედროებს ქაბულიდან ევაკუაციის რამდენიმე საათით შეჩერება მოუწიათ, თუმცა ფრენები უკვე განახლდა.

„ნება მომეცით მკაფიოდ განვმარტო: ნებისმიერ ამერიკელს, რომელსაც სახლში დაბრუნება სურს, სახლში დავაბრუნებთ. ვერ დაგპირდებით, რომ საბოლოო შედეგი დანაკარგის რისკის გარეშე იქნება, მაგრამ როგორც მთავარსარდალი შემიძლია დაგპირდეთ, რომ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებას მოვახდენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ავღანეთის იმ მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელოს, რომლებიც დახმარებას უწევდნენ ამერიკელ სამხედროებსა და მოკავშირეებს ბოლო ოცი წლის განმავლობაში.