ნიკა მელია – ბედნიერი ვარ, რომ ფოთში მერობის კანდიდატი იქნება გიგი უგულავა, გამოცდილი, მძიმეწონიანი პოლიტიკოსი

დავირაზმოთ ყველა ერთად და 2 ოქტომბერს საკადრისი პასუხი გავცეთ მკვლელებს, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისთვის მოვიპოვოთ გამარჯვება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ფოთში, ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, გიგი უგულავა არის ადამიანი, რომელმაც წინ წაწია თბილისი და იმავეს გააკეთებს ფოთშიც.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვისაუბრო იმ მნიშვნელობაზეც, რის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ, კარსმომდგარ რეფერენდუმამდე, 2 ოქტომბრამდე. წელს ჩვენ არ გვაქვს უბრალო არჩევნები, წელს გვაქვს რეფერენდუმი, წელს არ იქნება არჩევნები, სადაც უნდა დავითვალოთ პროცენტები, ეს არ იქნება და ვეღარც იქნება პარტიული ბრძოლა, სადაც მეტ-ნაკლებად უკეთესი ან უარესი შედეგი უნდა დადოს რომელიმე ცალკე აღებულმა კანდიდატმა ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, როცა ჩვენ „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ სახლში და ბიძინა ივანიშვილი დავტოვოთ სახლში. ეს ადამიანი არის სახლში და სახლიდან მართავს მიტაცებულ სახელმწიფოს. ბევრი ქართველი შეაგუა ამ ადამიანმა, რომ სახლში წამოკოტრიალებული დამცინავად, აბუჩად ამგდებად მართავს მიტაცებულ სახელმწიფოს. როდის უნდა გამოვტაცოთ ეს სახელმწიფო მიმტაცებელს, როდის, თუ არა 2 ოქტომბერს. ძალიან მიხარია, რომ ფრონტის წინა ხაზზე, ავანგარდში დგას რეფერენდუმის ლიდერი. ფოთში ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მერობის კანდიდატი იქნება გიგი უგულავა გამოცდილი, მძიმეწონიანი პოლიტიკოსი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მიიღო, რომელმაც მისი მოწინააღმდეგეც კი ვერ უარყოფს, რომ თბილისი მნიშვნელოვნად წინ წაწია. ეჭვი არ მეპარება, რომ იმავეს გააკეთებს ფოთში, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, მანამდე რეფერენდუმში უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება. გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ ხალხმა, დავივიწყოთ ერთი, ორი, სამი ან ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, აღარ არის ეს პარტიული ბრძოლა, ეს არის საზოგადოების ბრძოლა. ჩვენ, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა ამპლუით ვართ ამ ბრძოლაში ჩართული.

გამოდიოდნენ და არჩევნები ჩაატარებინეს პრაქტიკულად იმ ადამიანებს, შარშან ვისაც ნდობა ჰქონდა საზოგადოებაში. წინ დაიყენეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ცერცვაძე, იმნაძე და ალაპარაკეს, თურმე მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებით და თურმე ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ტეხასის შტატებიდანავ კი რეკავენ, იქ უნდათ, რომ ჩავიდნენ ეს ადამიანები, გაუზიარონ გამოცდილება. დღეს სამწუხაროდ, მივიღეთ სავალალო შედეგი, მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობით ვართ პირველ ადგილზე. ეს იმის ბრალია, რომ ქვეყანაში პატრონი არ არსებობს. ეს ადამიანები, რომლებიც დღემდე დაგვცინიან და გვაგუებენ მოცემულობას, როცა 50-60-70 ადამიანი კვდება უპატრონობისგან, ეს თითქოს არის ნორმალური.

„ქართული ოცნება“ არის მკვლელი, რომელიც არის მოკალათებული კაბინეტში და დასცინის საზოგადოებას, დავირაზმოთ ყველა ერთად და 2 ოქტომბერს საკადრისი პასუხი გავცეთ მკვლელებს, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისთვის მოვიპოვოთ გამარჯვება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.