ნინო ლომჯარია – პოლიტიკურ მხარეობაზე აპელირება სრულიად წარმოუდგენელი, ამორალურია, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლეზე ვსაუბრობთ

წინასაარჩევნო პერიოდია და ყველა პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით მმართველი პარტია ცდილობს, რომ ნებისმირი განცხადება თუ კრიტიკა დააკავშიროს კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებთან. ვფიქრობ, არჩევნების გადადება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლება არა წინასაარჩევნო პერიოდზე და პოლიტიკაზე კონცენტრირდეს, არამედ კონცენტრირდეს კოვიდის მართვაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ მხარეობაზე აპელირება სრულიად წარმოუდგენელია.

„მგონია, რომ თავადაც არ სჯერათ იმ განცხადებების, რასაც ამბობენ. კითხვას დავუსვამდი, რა შუაშია ან „ნაციონალური მოძრაობა“, ან „ქართული ოცნება“, საერთოდ რა შუაშია რომელიმე პოლიტიკური პარტია ან მისი ინტერესები, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე, როდესაც ვიცით, რომ თუ არჩევნებს არ ჩავატარებთ, დიდი ალბათობით, უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანების სიცოცხლე და თუნდაც ძალიან მცირე რამ გავაკეთო იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დაღუპულთა რაოდენობა. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ მხარეობაზე აპელირება სრულიად წარმოუდგენელია, ამორალურია ამაზე საუბარი, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლეზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.

ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.