თენგიზ ცერცვაძე – კლინიკებში პაციენტების მართვა მაღალ დონეზე ხდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცის მოწყობა კარგი ინიციატივაა.

მისივე თქმით, ამ გზით გაიზრდება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა.

„მობილური აცრები ვაქცინაციის გაფართოების ერთ-ერთი ფორმა და გზაა, რათა მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, ეს კარგი ინიციატივაა და ვაქცინაციის გაზრდას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დღებში ვირუსის გავრცელების კუთხით მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა შესანარჩუნებლად საჭიროა აუცილებელი რეკომენდაციების დაცვა. ცერცვაძემ რეგულაციებზე საუბრისას ხაზი გაუსვა პირბადის ტარების აუცილებლობას, განსაკუთრებით რეგიონებში.

„ბოლო დღეების ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, სახეზეა ახალი შემთხვევების სტაბილიზაცია. 5-6 ათასი ინფიცირებული იყო, ახლა კი ბოლო ორი დღეა, დაახლოებით ოთხი ათასის ფარგლებშია. რეგულაციებს თუ დავიცავთ, მათ შორის პირბადის ტარებას, განსაკუთრებით რეგიონებში, დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია იქნება სტაბილური“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძემ განმარტა, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ტენდენციასთან ერთად, რატომ არ იკლებს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, ცერცვაძე ამბობს, რომ გარდაცვალების პიკი ახალი შემთხვევების მატების პიკს 2-3 კვირით ჩამორჩება.

„რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, რაც ყველაზე მეტ შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან 70 და მეტი გარდაცვლილი საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ბევრია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს უმძიმეს გამოწვევასთან, რომელმაც მთელი მსოფლიო დააზიანა. ოთხ მილიონ ნახევარზე მეტი გარდაცვლილია მსოფლიოში, ეს ჩვენთვის ნაკლები შეღავათია. ჩვენ ვწუხვართ ჩვენს გარდაცვლილებზე და მტკივნეულად განვიცდით, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც 700 000-მდე გარდაცვლილი ჰყავს. მეკითხებიან, შემთხვევები შემცირდა, თუმცა გარდაცვალებამ იმატაო, ეს პროგნოზირებადი იყო, რადგან ბევრმა იცის, რომ გარდაცვალების პიკი როგორც წესი, ახალი შემთხვევების მატების პიკს 2-3 კვირით ჩამორჩება. ბუნებრივია, ახლად დაინფიცირებული ავადმყოფების გარდაცვალება იმავე დღეს კი არა, 2 ან 3 კვირის შემდეგ ხდებოდა. ეს პროგნოზირებადი და ცნობილი ფაქტია. ვფიქრობ, სწორედ ახლაა გარდაცვალების პიკი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ასევე, ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კლინიკებში პაციენტების სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით მონიტორინგი მიმდინარეობს. მისივე თქმით, კლინიკებში პაციენტების მართვა მაღალ დონეზე მიმდინარეობს.

„დიახ, ამისთვის ანალიტიკური სამსახური და მონიტორინგის სამსახურია, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს, თუ როგორ მიეწოდებათ სამედიცინო დახმარება კლინიკებში, ასევე ბინაზე მყოფებსაც. კოვიდკლინიკებში ექიმები მუშაობენ, რომლებიც წელიწადზე მეტია, მოწინავე პოზიციებზე დგანან და მაქსიმუმს აკეთებენ. ბინაზე დარჩენილი პაციენტების მართვა კი, მე თუ მკითხავთ, ძალიან რთულია, დიდი დატვირთვა აწევთ ოჯახის ექიმებს. საქართველოში ბოლო დრომდე ოჯახის ექიმის ინსტიტუტი არ იყო ძალიან ძლიერი, ამიტომ ყველა ძალისხმევა იქნა გატარებული, რომ ბინაზე დარჩენილების მართვა გაუმჯობესებულიყო.

კლინიკებში პაციენტების მართვა მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენთან კითხვის ნიშნები არ დგას, თუ როგორი ხარისხით მკურნალობენ პაციენტებს. კლინიკებში მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების დონეზეა. გარდაცვლილების რიცხვი მაღალია, რადგან ინფიცირებულების რიცხვი იზრდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.