„ვინც აიცრა, ის სხვას რომ ეჩხუბება რატომ არ იცრებიო, იმას რა აწუხებს, თვითონ ხომ აიცრა?“ – მეუფე იაკობი

„ომში ვართ, არავინ იცის ვის საიდან ესვრიან ბომბს, ახლა ერთმანეთთან ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ, არ უნდა ვჭამოთ ერთმანეთი, აცრილია თუ აუცრელია ადამიანი კეთროვნად არ უნდა მიგვაჩნდეს“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, აცრის ან აუცრელობის გამო ადამიანებს შორის დაპირისპირება არ უნდა ხდებოდეს.

სასულიერო პირი ამბობს, რომ სწორედ ახლა არის პანდემიაში იმის დრო, რომ ადამიანებმა ერთმანეთის სიყვარული და ურთიერთობა ისწავლონ.

„ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა მსოფლიოში, ასევე ძალიან ბევრი გარდაიცვალა საქართველოში. მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ბიოლოგიური იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ. ვიცით, რომ პრევენცია არის ვაქცინა. ჩემს აზრს გეტყვით და ამას ვერავინ შემაცვლევინებს. რამდენიმე წამალი მივიღეთ, რომელსაც მსოფლიო ვაქცინას ეძახის და მოუწოდებენ, რომ ხალხმა გაიკეთოს.

ამ სამყაროში, სადაც ისედაც გახლეჩილი იყო საზოგადოება, ხალხი არავის უსმენს. აცრის ან აუცრელობის გამო ნუ თუ შეიძლება ადამიანების ერთი ნაწილი მეორეს ლანძღავდეს და პირიქით. ასე არ შეიძლება, ადამიანები ვართ და ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.

ვინც აიცრა ის სხვას, რომ ეჩხუბება რატომ არ იცრებიო, იმას რა აწუხებს? თვითონ ხომ აიცრა? ზოგადსაკაცობრიო საკითხზე არ დამიწყონ საუბარი, რომ ყველასთვის ზრუნავენ. ამიტომ დღევანდელ სიტუაციაში, როცა ძალიან ბევრი ადამიანი ავადდება, ვინც იპრანჭებოდა და არ იცრებოდა, იმათაც დაიწყეს აცრა.

25 ათასზე მეტია დღიურად აცრილი, ვისაც არ უნდა მაინც არ იცრება და ამიტომ ერთმანეთი ხომ არ უნდა დავჭამოთ? ერთმანეთს ვერ აიძულებენ გააკეთონ ის, რაც არ უნდათ, რადგან ნებისმიერი ასეთი იძულება სიკეთის მომტანი არ არის. ერთმანეთს ნუ გავაკრიტიკებთ, ერთმანეთს ნურაფერს დავაძალებთ, აცრა იქნება თუ სხვა რამ. კონკრეტულ სამსახურებშიც იძულება ხდება, რომ აიცრან თუ არადა მიდიან სამსახურებიდან.

სამწუხაროდ ომში ვართ, არავინ იცის ვის საიდან ესვრიან, მაგრამ აქედან კაცობრიობა გამარჯვებული გამოვა. ახლა ერთმანეთთან ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ, ასე კი არ უნდა ვჭამოთ ერთმანეთი. არცერთი ადამიანი, აცრილია თუ აუცრელი კეთროვნად არ უნდა მიგვაჩნდეს. ადამიანები ვართ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა სასულიერო პირმა.