ციხეები არის გადავსებული, 1 ექიმზე მოდის 50 პატიმარი – ამნისტია იქნება გამოსავალი – ალექსანდრე კობაიძე

ციხეები არის გადავსებული, 1 ექიმზე მოდის 50 პატიმარი – ამნისტია იქნება გამოსავალი – ამის შესახებ უფლებადამცველმა და პარტია ,,პროგრესული საქართველოს” ლიდერმა, ალექსანდრე კობაიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

კობაიძე შეეხო ციხეებში არსებულ მძიმე ვითარებას და გამოთქვა იმედი, რომ სხვა პარტიებიც დაუჭერენ მხარს ამნისტიის მოთხოვნას.

,,ციხის ადმინისტრაციას არ სურს ამ თემებზე ღიად საუბარი. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ პატიმრებს აშინებენ, რომ თუ ისაუბრებენ ამ პრობლემაზე რაც არის პანდემიიდან გამომდინარე, მათ სხვადასხვა წახალისებას აღარ აძლევენ. ხშირ შემთხვევაში პატიმრები ცდილობენ, რომ მათ ოჯახის წევრებთან თუ უფლებადამცველთან არ ილაპარაკონ,  რომ დადასტურებული აქვთ ვირუსი. შემდგომ გადაჰყავთ სხვადასხვა კლინიკაში და ამ ადამიანების მდგომარეობა მძიმდება.

ეს არის გლდანის მერვე დაწესებულება, ასევე რუსთავში მეჩვიდმეტე დაწესებულება, ხონი და გეგუთის ციხე. მასშტაბი არის გაზრდილი”  –  განაცხადა კობაიძემ.

მისივე თქმით, ციხეებში მდგომარეობა არის საგანგაშო.

,,105 პატიმრის დაინფიცირება ნიშნავს იმას, რომ უკვე არის საგანგაშო მდგომარეობა. ციხე არის ჩაკეტილი სისტემა და ძალიან მალე ვრცელდება ნებისმიერი პანდემია. 1 ექიმზე მოდის 50 პატიმარი. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ ჩაერიონ სახელმწიფო ინსტიტუტების სხვა რგოლებიც, მათ შორის საკანონმდებლო ორგანო.

პრობლემის მოგვარება შეიძლება ამნისტიის მიღებით. გადავსებულია ციხეები. სამწუხაროდ, ერთ – ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ ამ კუთხით.

ამნისტია იქნება გამოსავალი, ,,ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას ვეთანხმები. მე იმედს გამოვთქვამ, რომ კიდევ სხვა პარტიებიც დაუჭერენ ამ ინიციატივას მხარს. მზად ვართ უფლებადამცველები, რომ დავეხმაროთ მათ” – აღნიშნა კობაიძემ.