„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ თითოეულ პოლიტიკოსს ბოდიში უნდა მოუხადოს – კახა კუჭავა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ თითოეულ პოლიტიკოსს ბოდიში უნდა მოუხადოს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ  განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს პარტიული ინტერესების მიხედვით იღებს.

„კარგად მახსოვს მე და თითოეულ თქვენგანს, როდესაც პირველ რიგში, „ქართულმა ოცნებამ“ და შემდეგ სხვა პარტიებმა ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს, რამდენი ლანძღვა-გინება, ფურთხება მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ ეს გაბედეს, განსაკუთრებით ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს. სულ მცირე ბოდიში უნდა მოუხადონ თითოეულ პოლიტიკოსს, რომელმაც ხელი მოაწერა და შემდეგ ისაუბრონ. პარტიულად რაც აწყობთ, მხოლოდ ამის მიხედვით ახდენენ რეაგირებას ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენაზე. მათ რომ თავიდანვე ხელი მოეწერათ, დღეს ვიქნებოდით სულ სხვა რეალობის წინაშე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.