,,ქართულმა ოცნებამ” არჩევანის გაკეთება გახადა ძალიან მარტივი – დასავლეთი ან რუსეთი – ზაალ უდუმაშვილი

,,ქართულმა ოცნებამ” არჩევანის გაკეთება გახადა ძალიან მარტივი – დასავლეთი ან რუსეთი – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია ,,ჯიემთივის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს მთავარი მისწრაფება, რომ შევიდეს ევროპულ ოჯახში.

,,უჭირთ იმის გააზრება, ,,ქართულ ოცნებაში” რომ არც შეერთებული შტატები და არც ევროკავშირი არ არის რომელიმე კონკრეტული მთავრობის მეგობარი. ეს არის ქვეყნის მეგობარი. ხელისუფლებები იცვლებიან და მეგობრები მეგობრებად რჩებიან. ის დახმარება, რაზეც უარი თქვა მთავრობამ იყო განსაზღვული სასამართლო რეფორმის გასატარებლად. ისინი არ შეწყვეტენ საქართველოს დახმარებას, მაგრამ ეს არ შეეხება ,,ქართულ ოცნებას”.  ჩვენ ვართ უკიდურეს ზღვარზე. ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს მისი მთავარი მისწრაფება, რომ შევიდეთ ევროპულ ოჯახში,” – განაცხადა უდუმაშვილმა.

მან  ასევე, ხაზი გაუსვა ორი ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი, რიგითი  არჩევნები.

,,ამ ყველაფერს პასუხი უნდა გავცეთ ორ ოქტომბერს. ორი ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოსთვის. ნურავის ნუ ეგონება, რომ ეს არის უბრალოდ, ერთი რიგითი თვითმმართველობის არჩევნები.

,,ქართულმა ოცნებამ” არჩევანის გაკეთება გახადა ძალიან მარტივი. ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს არჩევნებზე და გადაწყვიტოს ან დასავლეთი ან რუსეთი. ის რეფერენდუმი, რომელიც უკვე ჩავატრა პრაქტიკულად ახლაც ტარდება არაოფიციალურად. არჩევნები იქნება რთული, მაგრამ არჩევანი არის მარტივი,” – აღნიშნავს ზაალ უდუმაშვილი.