გარდაცვალების პიკი ახლა გვაქვს – მომავალში ინფიცირების რაოდენობის შემცირების დინამიკა თუ გაგრძელდება, 2-3 კვირის შემდეგ დაიწყება ლეტალობის შემცირება – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ძირითადად ყურადღება დაეთმო პაციენტების კლინიკაში მართვის მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ეზუგბაიამ განაცხადა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების დინამიკა თუ გაგრძელდება, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ შემცირდება.

„კორონავირუსის გავრცელების მატებასთან ერთად, სიკვდილობის მაჩვენებელი თანდათანობით იზრდება. შემთხვევების რაოდენობაზე არის დამოკიდებული, შემთხვევების რაოდენობაში, მძიმე და კრიტიკული პაციენტების ხვედრით წილზე. როდესაც რაოდენობა მკვეთრად იმატებს, იმატებს მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობაც. ეს ჩვეულებრივი კანონზომიერებაა, რომელსაც ვერსად გავექცევით. გარდაცვალების პიკი ახლა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ უკვე შემსუბუქებასთან ერთად აწი, შეიძლება, ლეტალობის შემცირება დაიწყოს.

მომავალში ინფიცირების რაოდენობის შემცირების დინამიკა თუ გაგრძელდება, ან თუნდაც გარკვეული პერიოდი ამ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ, ნელ-ნელა დაიწყება გარდაცვალების შემთხვევების კლება. ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს არის გამოძახილი ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატებასთან. რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის მატება, მაგრამ რაოდენობის შეჩერებას და კლებას ჯერ ვერ მოჰყვება ლეტალობის შემცირება. ეს იქნება 2-3 კვირის შემდეგ“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.