დაუსჯელობა სხვა რამეა, ეს არის, როცა ცნობილია ადგილსამყოფელი და არ აკავებ – შალვა პაპუაშვილი ბადრი ესებუაზე

ჩვენ ერთმანეთში ტერმინები არ უნდა ავურიოთ, დაუსჯელობა სხვა რამეა, ეს არის, როცა ცნობილია ადგილსამყოფელი და არ აკავებ, არ სჯი, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტების კითხვას, „ბადრი ესებუას დაუსჯელობამ ხომ არ წაახალისა მსგავსი ფაქტები, რასაც დღეს ადგილი აქვს ყვარელში, სადაც „საქართველოს ბანკს“ შეიარაღებული პირი დაესხა თავს“.

პაპუაშვილის თქმით, მოქალაქეების უსაფრთხოება არის პრიორიტეტი. რაც შეეხება, ესებუას საქმეს, მისი თქმით, არის რთული საქმეებიც და ახლახანს იყო ისეთი შემთხვევა, როცა 11- წლიანი ძებნის შემდეგ მოხდა დამნაშავის დაკავება.

“ვიცით, რომ ძებნაა გამოცხადებული ამ ადამიანზე. ძებნა ხან დიდხანს გრძელდება, ხან მოკლე ხანი სჭირდება ამას, აქ არაფერი ექსტრაორდინალური არ არის. პირველი ამოცანაა და მთავარია, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მეორე ეს არის დამნაშავის დაკავება, დარწმუნებული ვარ, შსს ამას სათანადოდ გაართმევს თავს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.