ცესკო-მ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია.

სიების გადმოცემასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ცესკო-სა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.

„განახლებული მონაცემების საფუძველზე, საზოგადოებისა და შესაბამისი ჩართული მხარეების აქტიურობით გვექნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული, კიდევ უფრო დახვეწილი ამომრჩეველთა ერთიანი სიები, რომლებიც მოხსნის ყველა იმ კითხვის ნიშანს და გამორიცხავს იმ მანიპულაციას, რომლებიც ამომრჩეველთა სიასთან მიმართებაში შეიძლება, არსებობდეს“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.