გიორგი გახარია – პირველი პირი გამოვიდა და თქვა, ჩვენ დავაბრალეთ და თავი იმართლოსო, ადამიანი ქვეყანას მართავს და უდანაშაულობის პრეზუმფცია რა არის, წარმოდგენა არ აქვს

ქვეყნის პირველი პირი გამოვიდა და თქვა, ჩვენ დავაბრალეთ და თვითონ თავი იმართლოსო. ადამიანი ქვეყანას მართავს და უდანაშაულობის პრეზუმფცია რა არის, წარმოდგენა არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. როგორც გახარია აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება ცილისმწამებლურ და ბინძურ კამპანიას აწარმოებს მისი პარტიისა და მის წინააღმდეგ.

„ამ ყველაფერზე ღირსეულად ვუპასუხებთ, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავასრულოთ. ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთონ და არა იმ პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ, რომელსაც, სამწუხაროდ, მმართველი ძალა მოქალაქეებს ამყოფებს. ამიტომ, ეს თავისუფალი არჩევნია და იმის ნაცვლად, რომ სისულელეებსა და ტყუილებს ყვებოდნენ, უნდა დავსხდეთ დებატებში და ვისაუბროთ. ტყუილი რისი მანიშნებელია? ტყუილი არის სისუსტის, შიშის მანიშნებელი. დემოკრატია რა არის? დებატი. მერობის კანდიდატებმა, მაგალთად, სენაკში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ფოთში თუ სხვაგან, უნდა დასხდნენ და ისაუბრონ, რათა ადამიანებმა გადაწყვიტონ ვინ უფრო გონიერი, ჭკვიანი, პროფესიონალი და კეთილსინდისიერია. ამის ნაცვლად, შეშინებული და უსუსური ხელისუფლება ცილისმწამებლურ კამპანიას აგორებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ არ იცის, როგორ და ვინ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებს „ქართულ ოცნებაში“.

„მადლობა ღმერთს, 9 თვეა იქ („ქართულ ოცნებაში“) აღარ ვარ. იქ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ მოჰყავთ, ვინ მიჰყავთ, წარმოდგენა არ მაქვს და არც მაინტერესებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივყვებით და ეს გეგმა არ შემოიფარგლება მუნიციპალური არჩევნებით, ის ბევრად უფრო გრძელვადიანია და ჩემთვის მთავარია მოქალაქეებთან საუბარი, რათა მივიღოთ ის მხარდაჭერა, რომელიც საკმარისია ქვეყანაში ცვლილებების დასაწყებად. ვიღაცას თუ უნდა, რომ მე რაღაც დამაბრალოს, ადამიანები ყველაფერს ხედავენ. მე თბილისში დაბადებულ გაზრდილი, სენაკში ბავშვობა გატარებული ვარ და ხალხი ძალიან კარგად მიცნობს. ყველამ იცის მე რა გამიკეთებია და ჩემი სიტყვის ფასი რა არის“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.