1 თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით, რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან იგეგმებოდა – ნიკა გვარამია

„მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მის წინააღმდეგ შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია რომ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ სნაიპერული შაშხანით მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა ერთი თვის წინ მიიღო და ანტიტერორისტულ სამსახურს მიმართა.

,,გამოკითხვის შემდეგ გამოვედი ჟურნალისტებთან და არაფერი მითქვამს. როგორც ჩანს, ეგონათ, რომ ყველაფერს ვიტყოდი. ეს ასე არ მოხდა. ამის შემდეგ გამოდის ადამიანი და თვითონ ამბობს ყველაფერს თავიდან ბოლომდე, რაც მე არ უნდა მეთქვა. ამით არამხოლოდ კონფიდენციალურობას და ჩემგან ჩამორთმეულ პირობას არღვევს, არამედ უქმნის საფრთხეს ჩემს სიცოცხლეს.

ერთი თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან. მე არ დამიწყია იმის გარკვევა, პროვოკაციას მიწყობს სუს-ი, სიმართლეა ეს თუ არა. ვესაუბრე ელჩებს და მივედი ანტიტერორისტულ დეპარტამენტში. მათ დაიწყეს გამოძიება და დამენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება. შემოთვლების დონეზე იყო საუბარი, რომ ეს ინფორმაცია არ იყო სერიოზული და პრაქტიკულად გამორიცხავდნენ ყველაფერს, ასეთი ტიპის კომუნიკაცია იყო ჩემს ადვოკატთან. უცებ, დღეს რეკავენ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გითხრათო. შევედი და მეუბნებიან, რომ დასტურდება ინფორმაცია ჩემი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ და ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია. არ ვიცი თუ ეგონათ, რომ იქ ძალიან შემეშინდებოდა, ეს ასე არც ახლა არ არის. ამის შემდეგ დაამატეს, რომ ჩემს გარდა იხილებოდა სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია, რაზეც განვუცხადე, რომ ამ ინფორმაციას მე არ უნდა მაწვდიდნენ და ჩემს საქმესთან კავშირში არ არის.

ვკითხე დასტურდებოდა თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რაზეც განმიცხადეს, რომ უცხოეთის მოქალაქეები არიან. გამიორმაგეს დაცვის ღონისძიება, მაგრამ გაოგნებული, ვარ რომ უფროსის მოადგილე მოყვა შეკვეთილი მკვლელობის ამბავს, რომ პირები იდენტიფიცირებულები არიან და დასტურდება. პრაქტიკულად მათ უთხრეს ჩემი დაცვა უფრო მარტივია თუ რთული, მოყვნენ სხვა ჟურნალისტთან დაკავშირებით, რაც არც ჩემთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც არ უნდა ეთქვათ”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე შესაძლოა რეალური საფრთხე არსებობდეს, რის გამოც მას მისსავე უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გაფრთხილება მიეცა.