სააკაშვილი და ვარშალომიძე გოდერძიზე ქეიფობდნენ, კაიმაღი მეტი მოუვიდათ და დღეს თქვეს, რომ ვაცალოთ ჩაბარებამდე – თორნიკე რიჟვაძე

„ღიმილის მომგვრელია, რა შეიძლება ვთქვა. უფრო მეტს გეტყვით, სააკაშვილი და ვარშალომიძე გოდერძიზე ქეიფობდნენ, კაიმაღი მეტი მოუვიდათ და დღეს თქვეს, რომ ვაცალოთ ჩაბარებამდე“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ექსპრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.

მისივე თქმით, მოდელირებული გამარჯვების შემქმნელებს მეთოდები იმდენად მოუძველდათ, რომ უკვე ყალბ ვიდეოებსაც მოაკლეს ხარისხი.

„ეს კიდევ ერთხელ არის დაცინვა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს, მათი მხარდამჭერების, ამომრჩევლების აბუჩად აგდება და დარწმუნებული ვარ, ამაზე ძალიან მალე საკადრის პასუხს მიიღებენ, უკვე ძალიან მალე, ხვალ, არჩევნებზე. მინდა ეიფორიაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს, განსაკუთრებით კი „ნაცმოძრაობას“ ვუთხრა, ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის ამ მსჯავრდებული პრეზიდენტის გამბედაობის შესახებ, ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს გაბედავს გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი. ამაში დარწმუნებული ვარ. ის ნარატივი, რომელიც განავითარეს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან დაკავშირებით, არავის შეეშალოს, რომ ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი გახლავთ ვახტანგ გომელაური, სუს-ის ხელმძღვანელი – ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი და მერწმუნეთ, რომ, როგორც სახელმწიფო საზღვრები, ისე ჩვენი ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.