რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს, 1 გაექცათ, 1 კი ხევში გადავარდა

მორიგი ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან – რუსი ოკუპანტები საქართველოს 4 მოქალაქეს დაედევნენ. შემთხვევა გუშინ მოხდა. ოკუპანტებმა 2 მათგანის აყვანა მოახერხეს, ერთმა გაქცევა მოასწრო, ერთი კი ხევში გადავარდა და დაშავდა.

დაშავებული კაცი ცოტა ხნის წინ, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. მას მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული და გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

“გუშინ მოხდა ჩვენი მოქალაქეების გატაცება. ამ წუთისთვის გავრცელებული ინფორმაციით, თითქოსდა, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაკვეთეს ოკუპაციის ხაზი და იქ მოხდა მათი დაკავება. ერთ-ერთი მათგანი გამოიქცა, მეორე დაშავდა. ორი დარჩენილი მოქალაქე ჯერ კიდევ ცხინვალშია”, – ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. სუს-ში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი.

ცხინვალის მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს 2 მოქალაქეზე სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდება.