ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები იქნებიან – იენს სტოლტენბერგი

“მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას რეფორმების გატარებისა და NATO-ს სტანდარტებთან დაახლოების კუთხით და როცა ალიანსის 30 წევრი შეთანხმდება, რომ ეს ქვეყნები გასაწევრიანებლად მზად არიან, ისინი NATO-ს წევრები გახდებიან” – ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გააკეთა.

იენს სტოლტენბერგი აქვე რუსეთის პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც ერთი ქვეყანა გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანდეს, ეს საკითხი ეხება მხოლოდ NATO-ს და ამ ქვეყანას, მეტს არავის.

“ჩემი აზრით, ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები იქნებიან. ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ამაზე ჯო ბაიდენთანაც ვისაუბრეთ: უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. ვიდრე ისინი არ არიან წევრები, მეტად უნდა დავეხმაროთ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლაში.

იმედი მაქვს, რომ მივალთ ამბიციურ გადაწყვეტილებებამდე მომავალი სამიტისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ ცვლის ქვეყნის სუვერენულ უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი გზა,” – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.