თბილისობა წელს 24 ოქტომბერს გაიმართება

თბილისობა წელს 24 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე 6 დღით ადრე გაიმართება.

თბილისის მერია გამარტივებული შეყიდვით, 498 500 ლარად ყიდულობს “თბილისობა 2021”-ისთვის კონცერტის ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურებას.

„დედაქალაქში საზეიმო განწყობის შესაქმნელად, საზეიმო კონცერტი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მოეწყობა.
2021 წლის 24 ოქტომბერს, მთაწმინდის პარკში, თემატურად დეკორირებულ სცენაზე საზეიმო კონცერტი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, დამსწრე საზოგადოების გარეშე ჩატარდება, რომლის ნახვა მაყურებელს პირდაპირი ეთერის საშუალებით შეეძლება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ 20-მდე სოლო შემსრულებელი, ორკესტრი, მუსიკალური ბენდები და ანსამბლები“, – ვკითხულობთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამარტივებულ შესყიდვას თან ახლავს პრემიერ-მინისტრის განკარგულება და თბილისის მერის მიერ გამოცემული შესაბამისი ბრძანება თბილისობის ჩატარების შესახებ.