საქართველოს ხელისუფლებამ თქვა: ,,მეშინია მიხეილ სააკაშვილის” – ბექა ბასილაია

ჩაგვბარდა განჩინება, სადაც მოსამართლეები, ვინც არიან მითითებული, შეგვიძლია, მივუთითოთ სერგო ორჯონიკიძე, გიგლა ბერბიჭაშვილი… – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა საგანგებო განცხადება გააკეთა და სასამართლოს მიერ პროცესის ჩატარებაზე უარის თქმის უსაფუძვლობაზე ისაუბრა.

ბექა ბასილაია განჩინებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შიმშილობის გამო დამძიმდება და, შესაძლოა, მან 10 ნოემბერს სასამართლო პროცესზე დასწრება ვეღარ შეძლოს.

ბასიალაის თქმით, უარის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებას სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მისვლის ეშინია.

“ჩაგვბარდა განჩინება, სადაც მოსამართლეები ვინც არიან მითითებული, შეგვიძლია, მივუთითოთ სერგო ორჯონიკიძე, გიგლა ბერბიჭაშვილი… არ იქნება დიდი სხვაობა. ეს არის ის ხალხი, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ აწერენ ხელს. ხალხი, ვინც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემის ჯიბეში ჩასხდნენ. მათ დღეს უარი თქვეს მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის პროცესის გამართვაზე.

მიზეზად მოაქვთ, რომ სასამართლო დატვირთულია -სრული აბსურდი, დროის მეტი რა აქვთ?! ზოგიერთი მათგანი წინა დღეებში სხდომებსაც არ ატარებდა. მიზეზად მოაქვთ, რომ ჩვენ ხომ შევთანხმდით 10 ნოემბერზე, სექტემბრის თვეში, როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პროკურატურის დაკრულზე იღებენ გადაწყვეტილებას სხდომების გადაწევა -გადმოწევაზე გადაწყვეტილებას და გვახსოვს ნიკა მელიას პროცესი როგორ ფორსირებულად ჩაატარეს.

მოკლედ საქართველოს ხელისუფლებამ თქვა: მეშინია მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა საზოგადოებაში, მეშინია მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა სასამართლო დარბაზში, მათ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის შიში აქვთ. სხვანაირად ვერ აიხსნება პროცესების განხილვის დაჩქარებაზე უარის თქმა.

ბიძინა ივანიშვილი შეძრწუნებულია და შიშისგან თრთის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნით და მისთვის პანაცეასავითაა, რომ სააკაშვილი იყოს იზოლირებული”,- თქვა ბექა ბასილაიამ.