საპატრიარქო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საპატრიარქო, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა სულები“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.

სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 გარდაცვლილია. ერთი ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს – კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა – სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.