გია ვოლსკი – სააკაშვილს რევოლუციური იდეა და სტრატეგია არასდროს უარყვია, მეორე ტურში მათი წარმატება ნაკლებად მოსალოდნელია

პენიტენციური სისტემა გამართულად მუშაობს, ექიმები არიან მოწოდების სიმაღლეზე. არავინ დაუშვებს, რომ რომელიმე პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადმინისტრაციის გამო იყოს დაზარალებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თვალსაჩინოა დანაშაულები, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა.

„პოლიტიკური ფიგურა ნამდვილად არის, მაგრამ ძალიან თვალსაჩინოა და ყველასთვის ცნობილია დანაშაულები, რომლებიც ჩაიდინა და ყველა დანაშაულზე გასამართლებული არ არის. მთლიანად სისტემა შექმნა, მათ შორის საპატიმროებში, როდესაც ადამიანის წამება, სიცოცხლის და ჯანმრთელობის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო და ვერ ვერავინ გაბედავდა, თუნდაც შიმშილობას. ამას ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის წერილსაც გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოქალაქეებმა  მთელი ყურადღება დაუთმონ არჩევნების მეორე ტურს.

„ამ ადამიანის არც ერთი სიტყვა და არც ერთი განცხადება არ არის დასაჯერებელი. მან ახლახანს გააკეთა განცხადება, რომ მეორე ტურმა და შესაძლო წარმატებამ უნდა განაპირობოს არა ის, რომ მუშაობა გაგრძელდეს პოლიტიკურ ველზე, არამედ მისი გათავისუფლებისთვის საზოგადოების, მასების მობილიზაცია უნდა მოახდინოს. ანუ რევოლუციური იდეა და სტრატეგია მას არასდროს არ უარყვია. ამის ერთ-ერთ გამაძლიერებელ კომპონენტად განიხილავს მეორე ტურებში შესაძლო წარმატებას, რაც ნაკლებად მოსალოდნელია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.