საერთოდ არ მაინტერესებს სააკაშვილი შიმშილობს თუ არა – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის შიმშილის საკითხი საერთოდ არ აინტერესებს. თურნავას თქმით, მისი კომპეტენციის სფერო საქართველოში სიღარიბის გამო მოშიმშილე ხალხია, ხოლო მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა მას არ ეხება.

,,მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არა, არ მიწყინოთ, მაგრამ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოშიც, სამწუხაროდ, ჯერ სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის და ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან. მაგრამ, ეს კონკრეტულად საერთოდ არ მაინტერესებს, მინდა გითხრათ, ძალიან ნაკლებად მაინტერესებს,” – თქვა თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზდიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მე-12 დღეა შიმშილობს.