მამუკა ხაზარაძემ უმრავლესობას – კოკასა შინა რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი სიბრძნეა, ნამდვილად არ გვჯერა, რომ თქვენ ბოროტი ადამიანები ხართ

მინდა მივმართო კახა კუჭავას, მე გახლავართ თქვენი კოლეგა, რომელმაც ხმამაღლა დააფიქსირა ჩემი ჩანაწერების 19 შემთხვევა, მერე პროკურატურაში 40 ჩანაწერი დავადასტურე, რომ ავთენტური იყო, გეკითხებით თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რა მოიმოქმედეთ, – ასე მიმართა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სესიაზე, პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ის, რაც არჩევნების მეორე ტურის წინ ხდება, ძალადობაა.

მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც მიმართა და განაცხადა, რომ არ სჯერა მათი ბოროტების.

„ახლა მეორე ტურები დაიწყო, რატომ გაბოროტდით ასე, რა არის ეს ზიზღის ენა, ეს ძალადობაა. ვის ასმენინებთ ამას, თქვენი ოჯახის წევრებს, მთელ საქართველოს, ნახევარ ამომრჩეველს, რომელსაც არ მოსწონს თქვენი პოლიტიკა, რას ემსახურება?! ეს ხომ სახელმწიფოებრივი არ არის, ეს ხომ არ არის ჩვენს ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული. როდემდე უნდა ვიძახოთ ცხრაწლიანი ამბავი, როცა დაჭერილი გყავთ ექსპრეზიდენტი. დაჭერილია და ერთადერთი, რაც არის საჭირო, სამართლიანი სასამართლოა, არა მარტო ამ კაცისთვის, არამედ თითოეული თქვენგანისთვის, ჩემთვის, ბადრისთვის, ყველასთვის, ვისაც უსამართლოდ ასამართლებთ.

რუსთაველს მოვიშველიებ, აქ ბევრს უყვარს ხოლმე ლექსები. არის ასეთი რამე, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების. დაუფიქრდით რამხელა სიბრძნეა ამაში და მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი სიბრძნეა, ნამდვილად არ გვჯერა, რომ ეს სიბოროტე თქვენს გულებშია, ნამდვილად არ მჯერა. არ მწამს ამის, რომ თქვენ ბოროტი ადამიანები ხართ. მოდით, დავასრულოთ ეს ყველაფერი, ერთმანეთს ნუ შევაზიზღებთ თავს, რადგან ვიღაც ხელისუფლებაში დარჩეს.

ნუ ვაიძულებთ სისტემას, რომ თქვენი ოჯახის საძინებლებში შემოვიდეს და თქვენ ჩუმად იყოთ იმისათვის, რომ არ გყოფნით ვაჟკაცობა თქვათ, მოდი აქ ლილუაშვილო და გვიპასუხე, რატომ აკეთებ ამას? იმიტომ, რომ საღამოს ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი წაიკითხოს და გადაიხარხაროს, რომ ყველა საცეცებითა ჰყავს მიბმული? დაფიქრდით, ძალიან გთხოვთ, ჩვენ სახელმწიფოს ვაშენებთ თუ რას ვაშენებთ აქ. რად გინდათ ან ასეთი ხელისუფლება, ან ასეთი ძალაუფლება. მე ასეთ მდგომარეობაში ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, როცა აქეთ მხარე უბრალოდ არ გელაპარაკება, რადგან განსხვავებული აზრი გაქვს“, – განაცხადა ხაზარაძემ.