ყველაზე კარგი, მყისიერი გამოსავალი შეიძლება იყოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება – პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებას ეხმაურებიან.

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ინტერესს წინ პოლიტიკური მართლმსაჯულების ინტერესი უსწრებს. მისი თქმით, არსებულ მდგომარეობაში, როდესაც ექსპრეზიდენტი შიმშილობს, ყველაზე კარგი გამოსავალი სწორედ მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალებაა.

“მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ინტერესი. გამოსავალი, შესაძლებელია, ბევრი არსებობდეს, ერთი-ერთი მექანიზმია, რაზეც არის მითითებული აღნიშნულ წერილში, რომ სანამ სტრასბურგი არ განიხილავს, მანამდე იყოს გათავისუფლებული პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა ადამიანი შიმშილობს და ყოველდღიურად იწურება მისი სასიცოცხლო რესურსი, ძალიან მძიმეა ამ მდგომარეობაში მესამე პრეზიდენტის დატოვება და ყველაზე კარგი, მყისიერი გამოსავალი შეიძლება იყოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალება,” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.