პაატა მანჯლაგაძე – ჩრდილოვანი კაბინეტი ნამდვილად ევროპული პრეცედენტია – საგანგაშოა, რომ ოპოზიციის გამარჯვებაში მმართველი პარტია რევოლუციურ შტაბს ხედავს

საგანგაშოა ის, რომ ოპოზიციის გამარჯვებაში მმართველი პარტია რევოლუციურ შტაბს ხედავს,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯლაგაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩრდილოვანი კაბინეტის ჩამოყალიბება ევროპული პრეცენდენტია.

“ჩრდილოვანი კაბინეტი ნამდვილად ევროპული პრეცედენტი გახლავთ, რომ პარტიის გამარჯვებამდე, პარტიები ასახელებენ იმ სავარაუდო გუნდს, რომელიც კონკრეტული დაპირების შესრულებაზე პასუხისმგებლობას იღებს.

ეს არის ალტერნატიული მთავრობა ოპოზიციისგან, ვიდრე არჩევნებში საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწევს პარტია. შესაბამისად, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, საგანგაშოა ის, რომ ოპოზიციის გამარჯვებაში მმართველი პარტია რევოლუციურ შტაბს ხედავს. ეს უფრო საგანგაშოა, ვიდრე ის, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. რაც შეეხება თბილისს, მეორე ტურში უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ რთული ამოცანა აქვს ოპოზიციის კანდიდატს, რადგან დამატებით 60 000 ხმა სჭირდება, რასაც ძალიან დიდი მობილიზება და თანამშრომლობა სჭირდება ყველა განწყობის ოპოზიციურ ამომრჩეველთან,”- განაცხადა მანჯგალაძემ.