პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე – „ოცნებამ” უიმედობის და უპერსპექტივობის მეტი ამ ქვეყანას არაფერი მოუტანა, ნებისმიერი მათი განცხადება დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას ემსახურება

ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე და კოალიციური გაერთიანება იქნება ამ სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტია, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილს იმაში, რომ ქართველი ხალხი ბრძენია. ხაზარაძე ამბობს, რომ სწორედ ხალხი გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“.

„ვეთანხმები ღარიბაშვილს, რომ ხალხი არის ბრძენი და ხალხი გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“, რომელმაც უიმედობის და უპერსპექტივობის მეტი ამ ქვეყანას არაფერი მოუტანა. ნებისმიერი მათი განცხადება და მანევრირება სხვადასხვა რეგიონში, ამ შემთხვევაში სამეგრელო მაქვს მხედველობაში, ემსახურება დესტაბილიზაციის თვითონვე შექმნის მცდელობას და მერე ვითომ თვითონვე აღმოჩენის და ამის განეიტრალების მცდელობას.

ძალიან მშვიდად ვაკვირდებით ამ პროცესებს და არანაირად არ ავყვებით ამ პროვოკაციებს. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე და კოალიციური გაერთიანება იქნება ამ სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტია. მთელი ჩემი ცხოვრება მე და ჩემი გუნდი საქართველოში სტაბილურობას ვემსახურებით. სტაბილურობის გარეშე ამ ქვეყანაში არც ინვესტიცია იქმნება, არც სამუშაო ადგილები. კიდევ ვიმეორებ, სამეგრელო იქნება თუ სხვა წერტილები, ამას პირველად არ აკეთებს წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“, რომ დესტაბილიზაციის კერა შექმნას და მერე გადააბრალოს სხვას.

ყველას მოვუწოდებ, რომ ამას მშვიდად შევხვდეთ. ქართველი ხალხი ბრძენია და ამ არჩევნებზე ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს. კოალიციური მმართველობა ეყოლება უმეტეს ქალაქს და ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები, აღმავლობა დაიწყება“, – განაცხადა ხაზარაძემ.