რატი ბრეგაძე – როგორც ექიმები გვეუბნებიან, N18 სამკურნალო დაწესებულება პაციენტის მისაღებად მზადა არის

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად და სამკურნალოდ სასჯელაღსრულების #18 დაწესებულება მზადაა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბოლო დასკვნაც, რაც კონსილიუმმა დადო, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის. ამ დასკვნაში საუბარია შემდეგზე, რომ თუ გახდება ჰოსპიტალიზაცია საჭირო, უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაზეც ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის, ზოგიერთი ოპონენტიც საუბრობს, არ ყოფილა.

რაც შეეხება კითხვას, სად იქნება გადაყვანილი და შეესაბამება თუ არა N18 სასჯელაღსრულების დაწესებულება განსაზღვრულ სტანდარტებს, რაც დადგენილია მულტიფუნქციური კლინიკისთვის, გიპასუხებთ შემდეგს: გუშინ ჩვენ ვიმყოფებოდით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულება პაციენტის მისაღებად მზადაა,“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის დასკვას და აღნიშნა, რომ  იქ  ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო, ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში.

„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. ქალბატონი ნინო ლომჯარია პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში. მინდა მადლობა მოვახსენო ჯგუფის ყველა წევრს, რომელიც ძალიან აქტიურადაა ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში და აქ რა თქმა უნდა, ჩართულია ქალბატონი ნინო ლომჯარია.

რაც შეეხება მის დასკვნას, იქ ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო, ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.