საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებით, შენობაზე რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოები არ იგეგმება

საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის აპარატს სურს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები. მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით.

საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას”, – ნათქვამია განცხადებაში.