საჭიროება თუ იქნება, პენიტენციურ დაწესებულებას აქვს კლინიკა, სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ, მიხედავენ ისე, როგორც სხვა პატიმარს – კახა კალაძე

„ქათული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებას აქვს თავისი კლინიკა, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ.

„თუ იქნება საჭიროება, პენიტენციურ დაწესებულებას აქვს თავისი კლინიკა და გადაყვანილი იქნება, მიეხედება ისე, როგორც ყველა სხვა პატიმარს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას: „ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ გლდანის კლინიკა მულტიფუნქციურია, თუმცა სახალხო დამცველი უარყოფს“, – კალაძე პასუხობს: „სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, რა. სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი“.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს გარკვეული რისკი უსაფრთხოების თვალსაზრისით.