საბა ბუაძე – ღარიბაშვილს აქვს პოლიტიკური თვითმკვლელობის უფლება, რასაც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ძალიან კარგად სჩადის

ღარიბაშვილს აქვს პოლიტიკური თვითმკვლელობის უფლება, რასაც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ძალიან კარგად სჩადის , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე დავემშვიდობოთ ამ პოლიტიკურ ძალას და ღარიბაშვილს, როგორც ამ პოლიტიკური ძალის ყველაზე აგრესიულ და ბეც წარმომადგენელს.

„ასეთი უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი და არაჰუმანური განცხადებები აახლოებს „ქართულ ოცნებას“ იმ დასასრულთან, რომელიც სჭირდება ქვეყანას. ამ პოლიტიკური ძალის პირობებში ქვეყანა უბრალოდ ვეღარ განვითარდება, პოლიტიკური პროცესი შევა ჩიხში. ასეთი განცხადებებით ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს ძალადობრივი გარემოს გაღვივებას და სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ქვეყნის მიყვანას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არჩევნებზე დავემშვიდობოთ ამ პოლიტიკურ ძალას და ღარიბაშვილს, როგორც ამ პოლიტიკური ძალის ყველაზე აგრესიულ და ბეც წარმომადგენელს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება.