იაგო ხვიჩია – გაგიკვირდებათ და ირაკლი ღარიბაშვილი მართალია, ვეთანხმები პრემიერს, რომ ადამიანის სხეულს თავად ამ ადამიანისგან ვერავინ დაიცავს

ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას არ ესმის, რომ ადამიანს ეკუთვნის თავისი სხეული, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომ „კანონით ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს“.

„გაგიკვირდებათ და ირაკლი ღარიბაშვილი მართალია, მაგრამ იგივე პრინციპი მოქმედებს მაშინ, როცა ადამიანები წლობით ციხეში ნარკოტიკების მოხმარების გამო სხედან. პრემიერს ვეთანხმები, რომ ადამიანის სხეულს მისგან ვერავინ ვერ დაიცავს, მაგრამ იგივე პრინციპი მოქმედებს იმ შემთხვევებშიც, როცა ნარკოტიკების მოხმარების გამო ათასობით ადამიანი ციხეში ზის. ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას არ ესმის, რომ ადამიანს ეკუთვნის მისი სხეული, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა.

როგორ შეიძლება, ადამიანს თვითმკვლელობის უფლება არ ჰქონდეს? კაცი თუ თავს იკლავს, როგორ შეიძლება, რაიმე უფრო მძიმე მოიფიქრო, რითაც მას შეაშინებ და ამას აუკრძალავ.

აქ კონტექსტი არ არის პრობლემა. პრობლემაა აროგანტულობა, როგორც ამ პოლიტიკურ პროცესს პრემიერ-მინისტრი უყურებს. სიტყვათა ერთობლიობა, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს, შეიძლება ვიღაცას სისულელედ ეჩვენება, მაგრამ სიტყვათა ეს ერთობლიობა სისულელე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.