მამუკა მდინარაძე: გაასაჯაროოს სააკაშვილმა მონაცემები იმაზე, იღებს თუ არა სითხეებით იოგურტს, თაფლიან წყალს – ვნახოთ, შიმშილობაც „ფეიკი“ ხომ არაა?

სამწუხაროდ, მეორე ტურის წინ მოგვიწია უფრო მეტი საუბარი წარსულზე. შეიძლება არ გვიხაროდა ეს, მაგრამ გვიწევს ამაზე ლაპარაკი. ეს არის ჯერ კიდევ აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ხალხს და საკუთარ თავსაც შევახსენოთ, თუ რასთან გვიწევს ჭიდილი. ამიტომ გვჭირდება ამის შეხსენება და როცა ვამბობთ „ქუდზე კაცი“ – ხვალ ერთი ადამიანიც არ უნდა დარჩეს სახლში, რათა რეალური შედეგი დაიდოს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„კახა კალაძემ დეტალურად ისაუბრა იმაზე, რა დღეს რომელ წელს რას აპირებს – ვინმე შეეკამათა? რომელიმე ჩვენს კანდიდატს ვინმემ უთხრა, რომ უფრო რაციონალური იქნებოდა სხვა პროექტის განხორციელება ამა თუ იმ რაიონში? ვინმე ამაზე კამათობდა? მეორე მხრიდან ყველაფერი იყო აგებული „ფეიკზე“. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ სააკაშვილის შიმშილობაც შეიძლება იყოს „ფეიკი“. ახლა „ჯოკერივით“ ამოღებული აქვთ პერსონალური მონაცემების გაუხმაურებლების ვალდებულება და ამას იყენებენ ამ „ფეიკის“ გასამყარებლად. მოდით შევთავაზოთ „ნაცმოძრაობას“, რომ მისცეს სააკაშვილმა უფლება შესაბამის უწყებას, რომ გაახმაურონ მონაცემები იმაზე, იღებს თუ არა ის სითხეებით იოგურტს, თაფლიან წყალს და ა.შ. მაშინ ვნახოთ, ესეც „ფეიკი“ ხომ არაა შემთხვევით? თუ იტყვის ხვალ დილით, რომ თანახმაა ამ მონაცემების გასაჯაროებაზე, მაშინ ვნახავთ, ხომ არ გვატყუებს ეს კაცი მთელ ქვეყანას და ხომ არ სპეკულირებს ამით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.