მინისტრებმა სამუშაო დღე მადლობებით და იმედებით დაიწყეს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა.

მინისტრები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი გიორგი გახარია  სამინისტროს თანამშრომლებს  ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა და კოლეგას წარმატებები უსურვა. გიორგი გახარიამ კი მადლობა გადაუხადა პრემიერს და განაცხადა, რომ მისთვის ამ თანამდებობაზე მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა.

-„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. ნამდვილად სიამაყის საბაბია, ვიყო ამ გუნდში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო იმ უწყების ხელმძღვანელი, რომლის ხელმძღვანელიც იყო გიორგი კვირიკაშვილი და შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილი, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად, ახალი გუნდით, ახალი მთავრობით დავძლევთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას“, – განაცხადა გახარიამ.

სამუშაო პროცესი დაიწყო დიმიტრი ქუმსიშვილმაც, მან დღეს ფინანსთა მინისტრის რანგში სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. თანამშრომლებს ახალი მინისტრი უკვე ყოფილმა მინისტრმა ნოდარ ხადუმა წარუდგინა.

ახალმა მინისტრმა მთავრობას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტრო, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუტი გავლენას იქონიებს ქვეყნის სწრაფი განვითარების მიმართულებით“

კომენტარის დატოვება