„რუსული ოცნების” პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა წარმოდგენილი არ იქნება – ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მზად არის საპარლამენტო მანდატზე უარი თქვას. რაც შეეხება პარტიის პოზიციას, მისი თქმით, ენმ მას უახლოეს პერიოდში გააჟღერებს.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნების პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა წარმოდგენილი არ იქნება.

,,რა თქმა უნდა მზად ვარ მანდატი დავტოვო, რადგან არასდროს იყო მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია პარტიის გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ეცოდინება. ის რომ პარლამენტში ფრაქცია მუშაობას არ გააგრძელებს, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. “რუსული ოცნების” პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა წარმოდგენილი არ იქნება.

რა თქმა უნდა პარტიას გუნდური გადაწყვეტილება ექნება, იქნება ერთიანი, როგორც სხვა გადაწყვეტილებებში”- თქვა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებს პარლამენტის დატოვებისკენ გუშინ მოუწოდა. პარლამენტი პროტესტის ნიშნად უკვე დატოვეს დეპუტატებმა მამუკა ხაზარაძემ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ნონა მამულაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ და ანი წითლიძემ.