პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი – სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, იღებს აუცილებელ კვებით დანამატებს, მათ შორის თხიერი სახით

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებს აუცილებელ კვებით დანამატებს, მათ შორის თხიერი სახით.

როგორც გიორგი ჩიდრაშვილმა განაცხადა, პაციენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამედიცინო პერსონალის, მათ შორის მოწვეული ექიმ სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. პაციენტი იღებს აუცილებელ კვებით დანამატებს, მათ შორის თხიერი სახით. ეს არის აუცილებელი კვებითი დანამატები, მათ შორის მისი მიღება ხდება სითხის სახით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად მეთვალყურეობას უწევს ექიმთა კონსილიუმი, რომელიც არის ერთობლივი კონსილიუმი და მათი რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყდება ყველა საკითხი. ამ ეტაპზე სტაციონარიზაციის აუცილებლობა არ დგას“, – განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა.