ნიკოლოზ სამხარაძე – საქართველოს მეგობარი ვერ იქნება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს ჩვენს კანონებს და ამბობს, რომ ვინც უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, არის პოლიტპატიმარი

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკანონოდ გადმოკვეთს ამ ქვეყნის საზღვარს, ვერანაირად ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ პატიმრად, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს კანონებს და სუვერენიტეტს არც სცემს პატივს ის, ვინც იტყვის, რომ ადამიანი, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი არის პოლიტიკური პატიმარი.

„საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და მას აქვს საზღვრები. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკანონოდ გადმოკვეთს ამ ქვეყნის საზღვარს, ვერანაირად ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ პატიმრად. თავი რომ დავანებოთ 2003-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებს, ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არ სცემს პატივს საქართველოს კანონებს და რომელიც ამბობს, რომ ადამიანი, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი არის პოლიტიკური პატიმარი, ის ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. აქედან გამომდინარე, ის არ სცემს პატივს საქართველოს კანონებს და საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.