გურამ მაჭარაშვილი – ნინო ლომჯარია როგორც ჩანს, არ ენდობა საერთაშორისო სასამართლოს ან კომპეტენციას უწუნებს

ნინო ლომჯარია როგორც ჩანს, არ ენდობა საერთაშორისო სასამართლოს ან მას კომპეტენციას უწუნებს და უნდა, რომ რამენაირად დაეხმაროს, რაც არის აბსურდი და არასწორი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნინო ლომჯარიას ამ ფორმით სურს, პროტესტში ჩაერთოს.

„მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე შეისწავლა, ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდა, შიმშილობა შეწყვიტოს და არ დააკმაყოფილა მისი დაცვის მხარის თხოვნა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, როგორც ჩანს, ნინო ლომჯარია არ ენდობა საერთაშორისო სასამართლოს, ან მას კომპეტენციას უწუნებს და უნდა, რამენაირად დაეხმაროს, რაც არის აბსურდი და არასწორი.

მეორე მხრივ კი, ნინო ლომჯარიას სააკაშვილის ადვოკატობა იმდენად სურს, რომ მას ამის საშუალებას სტატუსი არ აძლევს და ამ ფორმით უნდა, პროტესტში ჩაერთოს, სხვა მიზანი ამას არ შეიძლება, ჰქონდეს, რადგან სტრასბურგის სასამართლო კარგად იცნობს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას და რელიზში აღნიშნეს, რომ ეს არის პატიმარი, რომლის მიმართ ბევრი საქმე და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არსებობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. ნინო ლომჯარია სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის მე-18 დაწესებულებაში პირველად გუშინ იმყოფებოდა.