პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა (ვიდეო)

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა. ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში ბრიფინგი გაიმართა და დანაშაულის ამსახველი კადრებიც გამოქვყნდა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს გაურკვეველ და არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ გაუპატიურებით.

ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება დაკავებისთვის საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. კარანტინში, სადაც აყურებინეს თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა მასაც გააუპატიურებდნენ.

ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა.

წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება ალექსანდრე მუხაძისა და მეგის ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი“, – აღნიშნავენ პროკურატურაში.