სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების დაწესებულებები გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო პერიოდულად ახდენს კოვიდტესტირების სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გადამოწმებას, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

სააგენტოს მიერ გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ კოვიდტესტირების პუნქტი, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა.

რეგულირების სააგენტომ დაწესებულების მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს.

მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა რუსთავსა და ბათუმშიც.

„ძირითადად, ამ ტიპის დაწესებულებები იღებენ ნაცხს და აგზავნიან ლაბორატორიებში, თუმცა აუცილებელია, რომ მათ სააგენტოში გადმოაგზავნონ შესაბამისი შეტყობინება და აკმაყოფილებდნენ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტს“, – აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე.