„25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს” – ანდრია ჯაღმაიძე ონლაინ კაზინოების შეზღუდვის ინიციატივაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ონლაინ კაზინოების მკაცრ რეგულაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მიესალმება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

“მივესალმები, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იგივე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა – იზრდებოდა.

მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რაც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან,” – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

პრერმიერ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს.”