ალუდა ღუდუშაური ონლაინ კაზინოების შესაძლო აკრძალვაზე – „გირჩი“ იქნება, ნაძვის ხე თუ ალვის ხე, მოუწევს ამ რეალობას შეხედოს და გაუსწოროს თვალი

მე, თქვენ, „გირჩი“ იქნება, ნაძვის ხე თუ ნებისმიერი სხვა ალვის ხე, მოუწევს, რომ ამ რეალობას შეხედოს და გაუსწოროს თვალი, ეს არის დემოკრატია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ონლაინ კაზინოების შესაძლო აკრძალვის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ონლაინ კაზინოები აკრძალულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და ღუდუშაურის შეფასებით, ეს კარგი ინიციატივაა.

„ოპონენტები, ვინც აქამდე კონკრეტულ გეგმასაც კი სახავდნენ, როგორ უნდა აკრძალულიყო ეს, დღეს ჩემდა გასაოცრად ასეთ პოზიტიურ გადაწყვეტილებაშიც კი ცდილობენ, რომ რაიმე ისეთი იპოვონ, რომელიც არ მოუტანს არც პოლიტიკურ დივიდენდებს და მითუმეტეს, ჩრდილს ვერ მიაყენებენ ასეთ კარგ ინიციატივას.

არაერთ ქვეყანაში ეს არის აკრძალული და ეს ძალიან კარგად იციან. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების ეპოქაში, როგორ შეიძლება ეს აიკრძალოს, ამის გადაზღვევა და ჩაკეტვაც სავსებით არის შესაძლებელი – ესეც კარგად იციან, უბრალოდ აქ მოცემულობა არის შემდეგი: რა უყონ ადამიანებმა იმ სუბიექტურ მეს, რომელსაც ვერაფრით ვერ გადააბიჯეს და ვფიქრობ, ეს არის უაღრესად საინტერესო, საჭირო რეგულაცია. ჰოი საოცრებავ, როგორც ჩანს, აქაც კი, გამოჩნდნენ ადამიანები. როდესაც ქვეყანა დემოკრატიულად იმართება, აქ საუბარი არ არის პროცენტნახევრიანი, ან გნებავთ სამპროცენტიანი პარტია რას იტყვის, აქ არის გადამწყვეტი ქვეყნის ინტერესები და ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. ამიტომ, მე, თქვენ, „გირჩი“ იქნება, ნაძვის ხე თუ ნებისმიერი სხვა ალვის ხე, მოუწევს, რომ ამ რეალობას შეხედოს და გუასწოროს თვალი, ეს არის დემოკრატია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ „ ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს”.