კონსილიუმის წევრი ექიმი – სააკაშვილის ჯანმრთელობის ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, თუმცა რჩება გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები, რომლის აღმოფხვრასაც დრო სჭირდება

კონსილიუმის წევრი ექიმის, სანდრო ცისკარიძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, თუმცა გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები რჩება. ამის შესახებ ცისკარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცისკარიძემ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა თანდათანობით უნდა გაუმჯობესდეს.

„დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, რადგან ეს სპეციფიკური, სამედიცინო დეტალებია, რომლის განხილვა ფართო აუდიტორიაში არაეთიკურია. ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, თუმცა რჩება გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები, რომლის აღმოფხვრასაც რასაკვირველია, დრო სჭირდება. მკურნალობა მიდის შეჯერებულად, ყველა სპეციალისტის მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვების აღდგენა, რაც საფუძველი უნდა გახდეს იმის, რომ პაციენტის მდგომარეობა თანდათანობით უნდა გაუმჯობესდეს ყველა ასპექტის გათვალისწინებით და აქ არ არის საუბარი ერთ ორგანოთა სისტემაზე. დამატებით, მედიკამენტური მკურნალობა, რასაკვირველია, მიდის. მიდის მიკროელემენტებით შევსება, მიდის ვიტამინებით შევსება, რომ თავიდან იყოს აცილებული ხანგრძლივი, 50-დღიანი შიმშილობის შედეგები. ეს ყველაფერი არის სუფთა სამედიცინო თემები, რომელიც აქტიურად ხორციელდება“, – განაცხადა სანდრო ცისკარიძემ.