გია ვოლსკი – სახელმწიფოში, რომლის მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავეა, სერიოზული პოლიტიკოსი ახალი კოლეგიის შექმნაზე არ უნდა მსჯელობდეს

ახალი კოლეგიის შექმნაზე სახელმწიფოში, რომლის მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავეა და რეგიონში პირველ ადგილზე, არ უნდა მსჯელობდეს სერიოზული პოლიტიკოსი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილი სპეციალურმა კოლეგიამ გაასამართლოს, სადაც უცხოელი მოსამართლეები იქნებიან წარმოდგენილნი.

როგორც ვოლსკი განმარტავს, სააკაშვილის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო თუ არსებულ განაჩენებს არ ეთანხმებიან, შეუძლიათ საერთაშორისო სასამართლოს მიმართონ.

“სამართლებრივი გზა გათავისუფლების არ არსებობს, განსაკუთრებით მას მერე, რაც პრეზიდენტის ობიექტური და საფუძვლიანი განცხადება მოვისმინეთ. თუ რაიმეზე ეჭვები აქვთ, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ სტრასბურგის ვერდიქტი იყო უსაფუძვლო, რასაკვირველია, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ კვლავ საერთაშორისო სასამართლოს მიმართონ და ეს საკითხები დააყენონ დღის წესრიგში, მაგრამ რაღაც ახალი კოლეგია შეიქმნას სახელმწიფოში, რომლის მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავეა და რეგიონში პირველ ადგილზე, ამაზე არ უნდა მსჯელობდეს ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკოსი, რომ რაღაც სხვა სასამართლო შეიქმნას, რომელიც ჩვენს სასამართლო სისტემაში არ არის გათვალისწინებული,”- განაცხადა ვოლსკიმ.