პროტესტი სოფელ ზეღდულეთში – მოსახლეობა მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავს

სოფელ ზეღდულეთის სიახლოვეს ხმაურია, სადაც სოფლის მოსახლეობა 10 წლის წინ გაყიდულ საძოვარ ფართობებზე დავას აგრძელებს.

ოთხი დღის წინ, აღნიშნული სოფლის მოსახლეობამ მიწის მესაკუთრეს ფართობის დამუშავების საშუალება არ მისცეს და ადგილზე მიყვანილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უკან გააბრუნეს.

შეთანხმების მისაღწევად, სოფლის მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხუთდღიან ვადაზე შეთანხმდნენ, დღეს კი, შეთანხმებიდან მეოთხე დღეს, სოფლის მცხოვრებთა ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვა გადაწყვიტა და 100-მდე ადამიანი ზეღდულეთიდან ავტობანის მიმართულებით ფეხით გაეშურა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. პოლიცია მოქალაქეებს ავტობანზე ასვლის საშუალებას არ აძლევს. შეკრებილებს, ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და ზეღდულეთისა და შავშვების ტერიტორიული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ბერიანიძე ხვდებიან.

„პირველი, რა გადაწყვეტილებაც მისაღებია, არის ის, რომ ავტობანის გადაკეტვა არ უნდა მოხდეს და არ უნდა შეფერხდეს ის უამრავი ადამიანი, ვინც მაგისტრალზე გადაადგილდება. მეორე გახლავთ ის, რომ უნდა მოიძებნოს გარკვეული გამოსავალი. 2011 წელს, როდესაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” სოფლის კუთვნილი საძოვრები გაყიდა და თქვენ პროტესტის ნიშნად გამოხვედით, მაშინ მეც თქვენს გვერდით ვიდექი, მაგრამ ვერ შევძელით, რომ გვეჯობნა იმჟამინდელი რეჟიმისთვის. მაშინდელმა მფლობელმა აღნიშნული 75 ჰა უცხოელ ინვესტორზე გაასხვისა, რომელმაც, ამჟამად, კიდევ ერთხელ გაყიდა მიწის ეს ფართობები. ეს შემძენი არის კეთილსინდისიერი მყიდველი და ფორმა, რომელსაც თქვენ ითხოვთ, რომ მოხდეს ამ ადამიანისთვის მიწის წართმევა, არის უკანონო. აქედან გამომდინარე, მე გთავაზობთ, რომ მოვძებნოთ კანონიერი გამოსავალი“, – განუცხადა შეკრებილებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.