თამარ გაბუნია: ქვეყანაში რთული ეპიდემიური სურათის მიუხედავად, სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები აღინიშნება

ქვეყანაში რთული ეპიდემიური სურათის მიუხედავად, სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები აღინიშნება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სტაბილიზაცია არის გარკვეულწილად იმედისმომცემი ნიშანი, მაგრამ არ არის იმის საფუძველი რომ ჰოსპიტალური სექტორი რამენაირად განიტვირთოს. ამდენად მობილიზებული რჩება 9 112 საწოლი, ოდნავ მოიმატა მობილიზებული საწოლების რაოდენობამ. 6 611 პაციენტი იმყოფება ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არის 1 691, რეანიმაციაში არის 377 პაციენტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ორშაბათს, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში პირველად მოხდა რომ ჩატარებული აცრების რაოდენობა 10 ათას მიუახლოვდა.

„ 8 ნოემბრის შემდეგ, რაც გააქტიურდა 60 წლის ზემოთ პირთა წახალისების პროგრამა მოიმატა ვაქცინირებულების რაოდენობამ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 822 383 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 763 755, გარდაიცვალა 11 679 პაციენტი.