გიგა ბოკერია – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ასევე „ლელოს“ განცხადებები არათანმიმდევრული და საზიანოა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და მათ შორის, „ლელოს“ განცხადებები არათანმიმდევრული და საზიანოა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საქართველოს ,,პირველი არხის” ეთერში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილის და მათ შორის, „ლელოს“ განცხადებები, ჩვენი აზრით, არის არათანმიმდევრული და საზიანო. არ შეიძლება, თან იძახდე, არჩევნები გაუქმდა და აზრი არ აქვს და მეორე მხრივ, ამბობდე, რომ პარლამენტში ბოიკოტს ვწყვეტ, რადგან გორის ციხეში გადაიყვანეს პოლიტპატიმარი სააკაშვილი. ეს სრულიად შეუთავსებელი ცნებებია, როცა ერთად ხარ და ამას იძახი. არ შეიძლება, შექმნა მოლოდინი, რომ სწრაფად გადაწყდება საკითხი, როცა ამის წინაპირობა არ გაქვს. შეიძლება, რაღაც მოხდეს, ათასი რამ, მაგრამ როცა შენ წინაპირობა არ გაქვს და ადამიანებს, რომლებიც ლეგიტიმურად არიან გაბრაზებული, ზოგჯერ, არაადეკვატური მოლოდინები აქვთ, ამ განწყობილებებზე ითამაშო, რათა ისინი მოიმხრო, მერე დადგება ის ხვალინდელი დღე და შედეგი არ არის, ამით საქმეს აფუჭებ, სასოწარკვეთას აღრმავებ“, – განაცხადა ბოკერიამ.