შალვა ნათელაშვილი – ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შედიან, რევოლუციებს ვერ ატარებენ წინა რევოლუციის მომხდენები, მესია მეორედ არ მოდის, უნდა გაიგოს ეს მიშა სააკაშვილმაც

ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შედიან, რევოლუციებს ვერ ატარებენ წინა რევოლუციის მომხდენები, ბონაპარტე ნაპოლეონმაც კი ვერ შეძლო მეორედ ტახტზე მოსვლა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, სწორი იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო მთლად სწორი.

„აი, ახლა ამაზე შევალთ უკვე ძალიან ისეთ დეტალებში, რომელიც არ მინდა, პატიმარი კაცია და რაღაცა კრიტიკასავით გამომივიდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ იყო მთლად სწორი. ის უნდა ჩამოსულიყო მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთად იკრიბებოდა ჩვენთან, როდესაც პარლამენტი იყო ერთპარტიული, როდესაც წკიპზე იდგა ივანიშვილის სანქცირებისა და ახალი არჩევნების საკითხი. აი, მაშინ მიშას ჩამოსვლა დაამთავრებდა პროცესს. ახლა ჩამოვიდა არა იმ დროს და არა იმ ადგილას, არა იმ არჩევნების დროს, მუნიციპალური არჩევნების პერიოდში, როდესაც ვნებები არ არის ისე გაღვივებული. იმავდროულად, მე მგონია, რომ ეს ჩამოსვლა შეთანხმებული და კოორდინირებული არ იყო მის პარტიასთანაც კი. შესაბამისად, ეს განსხვავებული პოზიციები და ტაქტიკური და რაღაც-რაღაცები, ზედაპირულადაც კი გამოჩნდა“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე განცხადებით, მიაჩნია, რომ სააკაშვილი არასწორად იყო ინფორმირებული საზოგადოების განწყობაზე.

„ალბათ უთხრეს, მე ვვარაუდობ, რომ ხალხი ელოდება, ერთი სული აქვს, რომ გამოჩნდე და როგორც კი გამოჩნდები, ხალხი გამოვარდება და უცბად მოხდება რევოლუცია. მაგრამ დაავიწყდათ ამის მთქმელებს და ალბათ თვითონ მიხეილ სააკაშვილსაც, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შედიან. რევოლუციებს ვერ ატარებენ წინა რევოლუციის მომხდენები. ბონაპარტე ნაპოლეონმაც კი ვერ შეძლო მეორედ ტახტზე მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ პარიზში დაბრუნდა და სამ თვეში იძულებული გახდა, გაქცეულიყო ოკეანეში და დააკავეს ინგლისელებმა. არ ხდება მეორედ მესიანელობა, მესია მეორედ არ მოდის. ბონაპარტიზმი მეორედ არ ხდება, ამიტომ უნდა გაიგოს ეს მიშა სააკაშვილმაც, რომ ამერიკის პრეზიდენტებიდან არც ერთი არ დაბრუნებულა მეორედ პრეზიდენტად, არც დე ფაქტო და არც დე იურე. აბა, საფრანგეთის რომელი პრეზიდენტი დაბრუნდა მეორედ? უნდა ჩამოსცილდეს პოლიტიკას მიხეილ სააკაშვილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი უნდა გაასამართლოს საერთაშორისო ტრიბუნალმა იმ ვერაგობისთვის, იმ ტრანსნაციონალური კრიმინალობისთვის, იმ ქვეყნის დანგრევისთვის, იმ ქვეყნის გადახვნისა და გადაფარცქვისთვის, რაც ჩაიდინა მან და მისმა ბანდამ. აი, ეს ყველაფერს გაასწორებს და საქართველოს დააყენებს ფეხზე. მაგრამ ახლა რამდენად მივა თვითონ ექსპრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებამდე, მე არ ვიცი. რა თქმა უნდა, მე მას კიარ ვგმობ, ჩემს აზრს ვეუბნები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.