ალეკო ელისაშვილი სააკაშვილზე – რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა „კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! – ბოდვებს თავი დაანებოს

მახნოს დრო ხომ არ არის და ბოლშევიკების?! რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა „კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! – გაიმართლოს თავი სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილმა, – ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ მისი გათავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი შეიქმნას.

მისივე თქმით, სააკაშვილი ეფექტური რეფორმატორი იყო, თუმცა, „ჯოჯოხეთური რაღაცები“ ჩაიდინა, რასაც არ ნანობს. ელისაშვილის თქმით, შესაძლოა, სააკაშვილს ისევე როგორც სხვას, საქართველოში სამართლის პოვნა გაუჭირდეს, თუმცა თუ არაფერი დაუშავებია, თავი სტრასბურგის სასამართლოში შეუძლია იმართლოს.

„ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტიო – აბსურდია, მახნოს დრო ხომ არ არის და ბოლშევიკების დრო?! გამომიხსენი ციხიდანო, ტროცკივით რომ გაიძახის. სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ მართლა ჩალით დახურული ჰგონია ქვეყანა? რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა „კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! რა უბედურებებს ლაპარაკობს. გაიმართლოს თავი, თუ არაფერი დაუშავებია, თუ მართლა ტელევიზიით უყურებდა ყველაფერს და გირგვლიანის საქმე არ არსებობდა და გელაშვილმა თავი იცემა, ქონება წაირთვა და პარლამენტიდან თვითონ გაიგდო თავი, ცამდე მართალი თუ არის და მამა აბრამის ბატკანი, გაიმართლოს თავი. მესმის, რომ ამ სასამართლოს მტერი ენდო, მურუსიძის სასამართლოში სააკაშვილი კი არა, ვერავინ იპოვის სამართალს, მეც მაინტერესებს მტკიცებულებები, ერთია მე რა ვიცი და ჩვენ რაც ვიცით და მეორეა მტკიცებულებები. რა კომიტეტი შექმენით და სახალხო რაზმი მოვარდეს, ბოდვებს თავი დაანებოს, სტრასბურგში გაიმართლოს თავი,“ – განაცხადა ელისაშვილმა.