,,სასაცილოდ არ მყოფნის, როცა კობახიძე ვინმეს დიქტატურაზე საუბრობს” – ლევან ხაბეიშვილი

,,სასაცილოდ არ მყოფნის, როცა კობახიძე ვინმეს დიქტატურაზე საუბრობს”, – ასე გამოეხმაურა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე გამოსვლა მართლაც ისტორიული იყო, მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები კი რუსული პროპაგანდისტული არხების მოსაზრებას ემთხვევა.

,,ხომ არ ავიწყდება, რომ არჩევნების გზით მშვიდობიანად ჩააბარა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილმა და არჩევნების გზით, არჩვენების დამარცხება აღიარა, არათუ ხელისუფლების გადაბარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. შესაბამისად გუშინდელი სააკაშვილის გამოსვლა ნამდვილად იყო ისტორიული. გუშინდელი სააკაშვილის გამოსვლაში ცხადად იყო საუბარი, მათ შორის იმ პრობლემებზე პოლიტიკურ შეცდომებზე, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა, მათ შორის საუბარი იყო იმაზე,რომ ეს ადამიანი ამ მიმართულებით ბევრს ნანობს, მან ასევე ისაუბრა იმ კეთილ საქმეებზე, რომელიც ვარდების რევოლუციამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა და ცხადია ეს არ მოსწონს რუსეთუმე კობახიძეს, მდინარაძეს ან ვოლსკის და მათი განცხადებებიც ერთი-ერთში დაემთხვევა რუსეთის პროპაგანდისტული არხების მოსაზრებას”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.