გიული ალასანია – სასაცილოა ეს საქმე, ყველა პრეზიდენტს ეკუთვნის რაღაც, რასაც ახმარს ამ საქმიანობას

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი სასაცილოა.

ამის შესახებ ალასანიამ სასამართლო პროცესზე შესვლამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმეები არასერიოზულია.

„სასაცილოა ეს საქმე, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, რომ ჰქონდეს რაღაც, რასაც ახმარს ამ საქმიანობას, რაზეა საუბარი, კაჩინსკის ყვავილებზე, ვაცლავ ჰაველის ყვავილებზე. ასეთ რაღაცებზეა საქმე აღძრული. რა უნდა ილაპარაკო ამაზე. დღეს დავესწრები პროცესს“, – განაცხადა ალასანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომას დაესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.

საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.