ზაალ უდუმაშვილი – „ქართული ოცნება“ ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარი თქვას და ისრები 2024 წლისთვის გადაიტანოს, რაც არ გამოვა

ოპოზიციონერი დეპუტატის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარი თქვას და ისრები 2024 წლისთვის გადაიტანოს.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მიღებული იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პროპორციულ არჩევნებს, დაბალ საარჩევნო ბარიერს ითვალისწინებს.

„ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს საერთაშორისო პარტნიორებისა და შარლ მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთხელ „გადაგდების“ მცდელობას. პირველი მოსმენით დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს 2-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს, პროპორციულ არჩევნებს და ეს მოიცავს ვადამდელ არჩევნებსაც. ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამ ცვლილებებზე უარი თქვას და ისრები 2024 წლისთვის გადაიტანოს, რაც ასე არ გამოვა. დოკუმენტიდან ასე თვითნებურად ვერავინ გადის, ვიდრე შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულებული არ იქნება. პარტნიორები ბოლომდე იბრძოლებენ, რათა პროექტი არსებული სახით იყოს მიღებული“, – განაცხადა უდუმაშვილმა.